სტატია - კლასის საათი

                                 კლასის საათი- დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი
              წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის
                                                                             მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე.

http://mastsavlebeli.ge/?p=21588&fbclid=IwAR0BgIXHUB7W3jUH3QewRs-blNSFpjFLpwNsfvJDl1VsRBX3DsioNZQMxxU


               მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად აღზრდაში , მასში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასის დამრიგებელს, რომლის საქმიანობა თანამშრომლობაზე, მოსწავლეებისა და საკუთარი საქმისადმი  უანგარო სიყვარულზე  უნდა იყოს აგებული.
  დამრიგებელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებიან და ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისათვის - მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.არამც და არამც მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს, რომ დამრიგებელი გულგრილად ეკიდება მოსწავლის უმნიშვნელო პრობლემასაც კი, რადგან ოდნავმა უყურადღებობამ  შეიძლება დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის აღმართულ გადაულახავ ბარიერამდე მიგვიყვანოს.
  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  დამრიგებლის მუშაობის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული,ზნეობრივი და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში.დამრიგებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლის ოჯახს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაააზრებაში. დამრიგებლის მუშობის ერთ-ერთ  მთავარ კომპონენტს სადამრიგებლო საათის ჩატარება წარმოადგენს, სწორად დაგეგმილი, ასაკობრივ და ინდივიდუალურ  თავისებურებებზე გათვლილი კლასის საათი ხდება ორიენტირი დამრიგებლის წარმატებული მუშაობისა.
   მოზარდებს მოსწონთ,როცა რჩევას ეკითხებიან ,როცა მათ აზრებს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ,აქტიურობენ და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, როცა   არა მარტო მონაწილეობენ ღონისძიებაში , არამედ გარკვეულწილად ორგანიზატორებად მოიაზრებიან, ვფიქრობ სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას ჩემი მოსწავლეების აქტიურობას,  ჩვენ ერთად ვარჩევთ საკითხს, ერთად ვგეგმავთ და ბოლოს ერთად ვაჯამებთ და ვაფასებთ,მოკლედ რომ ვთქვათ  თანამშრომლობით ვაღწევთ მიზანს.
   მინდა გამოცდილების გაზიარების მიზნით, შემოგთავაზოთ მიმდინარე სასწავლო წელს ჩემს მიერ მე-11-მე-12 კლასში  დაგეგმილი და განხორციელებული რამდენიმე სადამრიგებლო  საათის მოკლე აღწერა , იმედს ვიტოვებ კოლეგები გამომეხმაურებიან და მირჩევენ, ვინაიდან პროფესიული ზრდისათვის და პედაგოგიური  პრაქტიკის დასახვეწად  ერთ-ერთ საუკეთესო  საშუალებად ურთიერთთანამშრომლობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმაჩნია:
     1. პიროვნული და მორალური განვითარების კუთხით გადავწყვიტე შემეთავაზებინა ქართული ფილმების გარჩევა,მოსწავლეებმა „გასეირნება ყარაბაღში“ და „სამოთხის გვრიტები“  - შეარჩიეს. კლასის საათი მეტად საინტერესო ფორმატში წარიმართა, დისკუსიაში ერთვებოდა ყველა მოსწავლე და თამამად და ნათლად გადმოსცემდა საკუთარ მოსაზრებას,ნაწარმოებებში ასახული თემების ირგვლივ მსჯელობით მოსწავლეებს განუვითარდათ სადისკუსიო უნარ-ჩვევები.
     2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების მიზნით  დავასუფთავეთ მდინარის ნაპირები, მოვაწყვეთ ლაშქრობა მდინარე „ინწირას“ სათავეზე, ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასთან ერთად მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური უნარები.მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი კოლხური ბზის გადარჩენისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ. 
3. მეწარმეობის უნარის განვითარებას ემსახურებოდა  სკოლის ეზოში გაშენებულ თხილის პლანტაციებში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას სპეციალისტებთან გასაუბრება.
     4. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს ის მიმართულებაა, რომლის მიმართაც ყველაზე მეტ ხალისს და აქტიურობას იჩენენ მოსწავლეები: სადამრიგებლო საათის ფარგლებში სპორტის მასწავლებელთან აქტიური თანამშრომლობით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩემი მოსწავლეების,როგორც უფროსკლასელების ინიციატივით ჩატარდა შიდასასკოლო და სკოლებსშორის  შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
    5. „მე ვარ მედიატორი“ -ამ სათაურით ჩავატარეთ სადამრიგებლო საათი სკოლაში ძალადობის დასაგმობად.
 6. თვალსაწიერის გაფართოება- ამ მიმართულებით მოსწავლეებმა  არაერთი იდეა მომაწოდეს და რამდენიმე ღონისძიება დავგეგმეთ და განვახორციელეთ, მათ შორის  23 ნოემბერს მეზობელ ჩხოროწყუს რაიონში, ოცინდალეს „წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოლოცვა“ და პატარა კონცერტი ღია ცის ქვეშ.
 7. ”მრგვალ მაგიდასთან - ფინჯან ყავაზე“, არასტანდარტულ ფორმატში ჩატარებული ეს სადამრიგებლო საათი დაეთმო მოსწავლეების საყვარელი ლექსის და ჩანახატის წაკითხვას  გაანალიზებას.
 8. არც განათლების კუთხით განხორციელებული ცვლილებები დარჩენიათ  ჩემს მოსწავლეებს  ყურადღების მიღმა:  „ჩემი აზრი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით“, ამ სათაურით ჩატარდა კლასის საათი და მოსწავლეებმა არგუმენტირებულად ისაუბრეს საკითხის ირგვლივ.
 9. და ბოლოს ვფიქრობ ხაზგასმის ღირსია მარტის ღესასწაულებთან დააკავშირებით ჩატარებული სადამრიგებლო საათი სკოლის თვითმმართველობასთან ერთად თემაზე: „ემიგრანტი დედები საზღვარგარეთ და მათი შვილები საქართველოში“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალა ემიგრანტებზე,  „სკაიპით“ ჩაერთვნენ იტალიაში მყოფ ემიგრანტ დედას ლელა კიკილაშვილს, მოსწავლეებსა და სტუმარს შორის საინტერესო დიალოგი შედგა , სტუმარი კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა მშობლიური ქვეყნის მოზარდებთან საუბრით და ამ დღეს მისი ემიგრაციაში ყოფნის უბედნიერესი დღე უწოდა...
   ბედნიერი ვიყავი მეც, როგორც ამ მოსწავლეების დამრიგებელი და მასწავლებელი, რადგან ჩვენი მომავალი თაობა სწავლობს თანაგრძნობას, იზრდება პატრიოტულ მოტივზე და ფიქრობს აშენოს უკეთესი მერმისი, მათი და მათი თანატოლების საკეთილდღეოდ.

    
   ეს გახლავთ ჩემს მიერ ჩატარებული სადამრიგებლო საათების არასრული ჩამონათვალი, მე მუდმივად ვცდილობ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მდიდარი და ნაყოფიერი გავხადო ჩემი მუშაობა,გარკვეული წვლილი შევიტანო ჩემი მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, მოვახდინო ჩემი მათი იდეების გენერაცია და კლასის საათი მუდმივად გამოვიყენო , როგორც დამრიგებლის მუშაობის ორიენტირი.




გამოყენებული ლიტერატურა:                     1. ეროვნული სასწავლო გეგმა
                                                         
2.http://www.etaloni.ge/geo/main/index/1763  დამრიგებელის მოვალეობები და პრინციპები,    
                                                                      რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს მისი მუშაობა                      

Комментариев нет:

Отправить комментарий